პროექტი

№1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკა, ბათუმი

მიმდინარე

დამკვეთი:შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“

დაწყების თარიღი:დეკემბერი 2024
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2026
ფუნქციური დანიშნულება: სამედიცინო დაწესებულება
მისამართი: ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა

მრავალფუნქციური პოლიკლინიკის ტერიტორიას ოთხი მხრიდან ესაზღვრება აბუსერიძის, გრიბოდოვის, პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩები. ეს უბანი ქალაქის განაშენიანების უკვე კარგად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილია.

მიუხედავად იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე განთავსებული პოლიკლინიკის შენობის ფასადი აღიქმება, როგორც ერთი მთლიანობა, შენობები, მათი მოცულობებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, გამიჯნულია ერთმანეთისგან სეისმური ნაკერით და წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ, სხვადასხვა სართულიანობისა და ფასადის ტონალობების მქონე კომპლექსს.

ბათუმის №1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკის შენობა (A ბლოკი) 4 და 5-სართულიანი მონოლითური კარკასის ნაგებობაა, ლიფტისა და კიბის უჯრედის ტექნიკური სართულით. პროექტირებისას გათვალისწინებულ იქნა ქუჩის სიმჭიდროვის პრობლემა, რის გამოც შენობა მაქსიმალურად ეზოს შიდა მხარეს განთავსდა; შედეგად გაფართოვდა ი. ჯავახიშვილის ქუჩა და ტროტუარი, ასევე არ შემცირებულა შიდა ეზოში არსებული გზა.

ნაგებობას აქვს 5 შესასვლელი, საიდანაც 3 აღჭურვილია შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული პანდუსებით. შენობის ხუთივე სართულზე მოწყობილია ადაპტირებული სველი წერტილები, ფართო დერეფნები, ლიფტები და აივნები. შენობაში განთავსებულია 3 კიბის უჯრედი და 2 ლიფტი.

ქუჩის მხრიდან ფასადები მოპირკეთებულია ფერადი (თეთრი, ნაცრისფერი და შავი) კომპოზიტური პანელებით, ასევე დამონტაჟებულია ალუმინის ვიტრაჟები ლენტური განათებით. ეზოს შიდა მხარეს ფასადები დეკორატიულადაა შელესილ-შეღებილი და ნაწილობრივ დაფარულია კომპოზიტური პანელებით.

ტერიტორიაზე, ტბელ აბუსერიძის ქუჩის მხრიდან, მოწყობილია პარკირება და დამხმარე ნაგებობები. ასევე განთავსებულია ხე-ნარგავები, განათების ბოძები, მოსასვენებელი სკამები, ველოპარკინგი, გაზონები და მოპირკეთებული ტროტუარები.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.