სიახლეები

18/06/2019

ექსპერტების მოსაზრება “ორანჟერეას” პროექტთან დაკავშირებით

დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია “სტუდია 9”-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.

მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს. პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.

მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.



გაეცანით სხვადასხვა დარგის ექსპერტების მოსაზრებას:



თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ავტორი - მამუკა სალუქვაძე


თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი ორგანიზაციის, სითი ინსტიტუტი საქართველოს დირექტორი მამუკა სალუქვაძე დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტერიტორიის ზონალური სტატუსი მსგავსი ობიექტის აშენებას არ ეწინააღმდეგება. მისივე შეფასებით, კარგი იქნება, თუ აღნიშნულ ადგილას დღესდღეობით მდებარე ავტოსალონი რეკრეაციულ-დასავენებელი სივრცით ჩანაცვლდება და ტყე-პარკი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
“ეს ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, საზოგადოებივ-საქმიანი სივრცეა. გენგეგმის მიხედვით, ტყე-პარკის დანარჩენი ნაწილი, პრაქტიკულად, მთლიანად ლანდშაფტურ-რეკრეაიცულ ტერიტორიად იქცა. დღევანდელი ავტოსალონი ტყე-პარკის ფუნქციასთან და შინაარსთან სრულიად შეუთავსებელია. თუ ის სახესა და ფუნქციას შეიცვლის და საზოგადოებრივ ინტერესებს უფრო მეტად დააკმაყოფილებს, ეს მისასალმებელია. პროექტი არ მინახავს და გამიჭირდება თქმა, ზუსტად რა ფუნქციებითაა ის დატვირთული, მაგრამ როგორც ვიცი, საუბარი საგამოფენო სივრცეებზე და ბევრ ახალ მცენარეზეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიღმის ტყე-პარკი ნაკრძალი არ არის. აქ ადამიანები ვარჯიშობენ, მთელ დღეს ატარებენ, ბავშვებს ასეირნებენ... ასე რომ, პროექტის შესაბამისი ფუნქციით განხორციელებამ შესაძლოა, ბიძგი მისცეს იმას, რომ დიღმის ტყე პარკმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს.” - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

არქიტექტორი - ლევან ბერიძე


“საინტერესო სივრცეებია. მე ვიტყოდი, ინტერიერი ძალიან კარგად გამოიყურება. სიბრტყეები გადადის სხვადასხვა განზომილებაში. არქიტექტურულად ძალიან მიმზიდველია. ეს არის “მწვანე არქიტექტურის” ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც მთელ მსოფლიოში უამრავია. ჩვენთან ეს თითქმის არ არის. მწვანე არქიტექტურა არ არის ის, რომ მწვანე ნარგავი დავრგოთ შენობაში. ეს მთელი ფილოსოფიაა, რომელიც მოიცავს მთელს ღონისძიებებს, რომლებიც აჯანსაღებს თავად შენობას, მის გარემოს, ასევე, ირგვლივ მდებარე ტერიტორიას. ეს სხვადასხვა ღონისძიებისგან შედგება. როგორც ვნახე, აქ თითქმის ყველაფერი გათვალისწინებულია.” - აღნიშნავს ლევან ბერიძე.

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე - დავით აბულაძე


“პროექტი, თავისი ფუნქციით, საინტერესოდ გამოიყურება. როგორც ჩანს, ეს უფრო ალტრუისტული პროექტია.” - ასე აფასებს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობის იდეას საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე.

როგორც არქიტექტორი მიიჩნევს, პროექტი კომერციული მიდგომით არ კეთდება და საინტერესო სიახლეებს მოიცავს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ახალი, რეკრეაციული სივრცე გაჩნდება.

პროფესორი - თეიმურაზ კანდელაკი


საქართველოს აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების სატყეო ფაკულტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი მიიჩნევს, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობა გამართლებული იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ორ პირობას დააკმაყოფილებს: პარკის ფუნქციებში ჩაეწერება და საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეიძენს. პროფესორის განმარტებით, ორანჟერეის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის კუთხით, სანყინეები, ბავშვთა გასართობ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა და მსუბუქი პავილიონები უნდა მოეწყოს.


ტელეწამყვანი - ნიკა წულუკიძე

“თუკი არცერთი ხე არ მოიჭრება და ბეტონის ნაგებობის ნაცვლად აშენდება მწვანე, ლამაზი ორანჟერეა, რომელიც დიღომს კულტურულ მრავალფეროვნებას შესძენს, რასაკვირველია, მისასალმებელია მისი არსებობა ჩვენს ნაცრისფერ ყოველდღიურობაში - რადგან ყოველი ახალი კულტურული დაწესებულების გახსნა ერის სულიერი ზრდის მანიშნებელია.” - აღნიშნავს ტელეწამყვანი. 

პარამოფარიკავე - ირმა ხეცურიანი

“მადლობა სწორი გადაწყვეტილებისთვის.” - ასე ეხმაურება სპორტსმენი ირმა ხეცურიანი ორანჟერეის პროექტს, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.

“ბუნება ჩვენს სამყაროში ყველაზე ღრმა, შესამჩნევი, ნათელი და ნატურალურია... ის ერთ-ერთია, რომელიც განაპირობებს ჩვენს არსებობას... ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჯანსაღი და მოწესრიგებული ყოველთვის მისასალმებელია.” - აღნიშნავს ირმა ხეცურიანი

 


როგორი იქნება “ორანჟერეა” (ვიდეო):

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: 995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქუჩა 1, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: 995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge